აფხაზეთში ფეხბურთელს მსაჯის ცემის გამო სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის საკონტროლო-დისციპლინურმა კომიტეტმა გალის გუნდის „სამურზაკანის” ფეხბურთელ ვიტალი თორუას უვადო დისკვალიფიკაცია გამოუცხადა. მას აფხაზეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებასა და შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალა. ამის შესახებ Ekho Kavkaza წერს.

ინციდენტი 26 ოქტომბერს, გალის გუნდ „სამურზაკანის“ და ოჩამჩირის გუნდ „ერწახუს“ მატჩის დროს მოხდა. ფეხბურთის ფედერაციის განცხადების თანახმად, მატჩის 75-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა – ს.კასაბიევმა, გალის გუნდის წინააღმდეგ პენალტი დანიშნა, რასაც ვიტალი თორუა არ ეთანხმებოდა. განცხადებაში წერენ, რომ თორუამ მსაჯს სცემა და უხამსი სიტყვებით მოიხსენია.