ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციის ქალი დეპუტატების მცდელობა ფარისევლობაა, იციან, მათ ხალხი ქვეყნის ღალატს არ აპატიებს და მანტიის მორგებას ცდილობენ, თითქოს სტატუსისთვის თავადაც იბრძვიან

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატების მცდელობა ფარისევლობაა. იციან, რომ ხალხი ქვეყნის ღალატს არ აპატიებს და ცდილობენ მანტიის მორგებას, თითქოს სტატუსისთვის თავადაც იბრძვიან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი ბევრ რამეზე მეტყველებს.

„პარტნიორს როცა რაღაცას სთხოვ და თან წერილში საუბრობ, თითქოს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, წერილები ასე არ იწერება. პარტნიორს რაღაცას თუ სთხოვ, შემდეგ ამას არ უნდა მოაყოლო, ქვეყანა არ იმსახურებს არაფერს და არათუ სტატუსსო. აქ მათი მზაკვრული გეგმა ჩანს, მოსახლეობის დასანახად უნდათ, საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს სტატუსისთვის იბრძვიან, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ეს არის ამ ამბის მთელი ანატომია. მათი მცდელობა ფარისევლობაა, რასაც მათგან მიჩვეული ვართ. კარგად იციან, საზოგადოების განწყობა და ისიც, რომ ხალხი მათ ქვეყნის ღალატს არ აპატიებს. ახლა ცდილობენ მანტიის მორგებას, თითქოს, სტატუსისთვის თავადაც იბრძვიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის 13-მა ქალმა დეპუტატმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართა.