„ისრაელის ჩაგვრისგან პალესტინელების დახსნა თურქეთის ვალდებულებაა“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ვალდებულია, ღაზას სექტორში „ამორალური და არაკეთილსინდისიერი“ სისხლის ღვრა შეაჩეროს. ამის შესახებ Anadolu Agency-ს ცნობით, ერდოღანმა პროვინცია რიზეში, ადგილობრივ დონეზე მოწყობილ ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს აქვს ვალდებულება „პალესტინელები ისრაელის ჩაგვრისგან გადაარჩინოს”.

„ჩვენი ვალია შევაჩეროთ სისხლის ღვრა ღაზაში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს.

ჩვენ ვაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩანს და მომავალშიც იგივეს გავაგრძელებთ.

ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა გამოვააშკარაოთ ამორალური, არაკეთილსინდისიერი და საზიზღარი ხოცვა-ჟლეტის მხარდამჭერთა დანაშაულები ღაზაში“, – აცხადებს ერდოღანი.