სენატის დემოკრატებმა ისრაელისთვის დახმარების გაწევის შესახებ კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც არ შეიცავდა უკრაინის დახმარების პაკეტს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერს სენატის დემოკრატებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის დახმარების მნიშვნელობას.
კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა. მას ხმა ძირითადად რესპუბლიკელებმა მისცეს, რომლებიც პალატაში უმრავლესობას შეადგენენ. დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონს ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარება უნდა გაეწია და ამავდროულად შეემცირებინა საგადასახადო სამსახურის დაფინანსება.
უკრაინის გარეშე ისრაელის დახმარების კანონპროექტს კი მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჰპირდა ვეტოს დადებას. ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის ღირებულების გადაუდებელი ხარჯების უფრო დიდი პაკეტი დაემტკიცებინა ისრაელის, უკრაინისა და ტაივანის დაფინანსების ჩათვლით.
მედიის ცნობით, სენატის ლიდერები დამატებით დაფინანსების კანონპროექტს ამზადებენ და იმედოვნებენ, რომ მას ამ კვირაში წარადგენენ.