აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, ვიდრე „ჰამასს“ მძევლები ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.
„ისინი, ვინც დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ვალდებულები არიან განმარტონ, როგორ გადაიჭრას ის შედეგი, რომელსაც ეს მოიტანს – ესაა „ჰამასის“ დატოვება 200-ზე მეტ მძევალთან, მაშინ, როცა მას აქვს შესაძლებლობა და გამოხატული სურვილი, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს კრიზისი აღარ განმეორდეს, უკავშირდება ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფუძვლის შექმნას“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, ამისთვის საჭიროა შემდეგი საკვანძო პირობების შესრულება:
- ღაზის სექტორიდან პალესტინელების იძულებითი გადაადგილება მიუღებელია – არც ახლა და არც ომის შემდეგ;
- ღაზა არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც პლატფორმა ტერორიზმისა თუ სხვა ძალადობრივი თავდასხმებისთვის;
- კონფლიქტის დასრულების შემდეგ ღაზა არ უნდა იყოს ხელახლა ოკუპირებული;
- დაუშვებელია ღაზის სექტორის ბლოკადის ან ალყაში მოქცევის მცდელობები;
- დაუშვებელია ღაზის სექტორის ტერიტორიის შემცირება;
- იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან ტერორისტული საფრთხე უნდა აღიკვეთოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორზე და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინის ერთიანი კონტროლი უნდა გავრცელდეს.