მეუფე ნიკოლოზი: “თუ მეუფე პეტრე ძალიან მოინდომებს, ეკლესიიდან საერთოდ განიკვეთება!”

ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, პეტრე ცაავას დაუმძიმდეს საეკლესიო სასჯელი და საერთოდ განიკვეთოს ეკლესიიდან, პირდაპირი პასუხი გასცა:

“მე დიდი ხანია, ვიცნობ მეუფე პეტრეს, ჯერ კიდევ ერისკაცობიდან, მაგრამ მისი საქციელი მიუღებელია, ამის შესახებ მე მას ადრეც ვაფრთხილებდი /…/. დღეს რაც მოხდა, თავად ძალიან მოინდომა მეუფე პეტრემ /…/, რომელიც ჯერ კიდევ კანონიკურად იწოდება მეუფედ, თუმცა მღვდელმთავრობა და მსახურება ეკლესიაში შეჩერებული აქვს. მან რომ შეინანოს თავისი საქციელი, მას, შესაძლოა, აღუდგეს მღვდელმთავრობა. მაგრამ ამის ნიშნები არ ჩანს.

რა თქმა უნდა, თუკი მეუფე პეტრე ძალიან მოინდომებს, მისი ეკლესიიდან განკვეთაც შესაძლებელია” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავა თავისი სტატუსისათვის შეუფერებლად იქცეოდა და პატრიარქის მიმართ ფიზიკურად “იწევდა”, პატრიარქის კვერთხიც კი წაიქცა, რომელიც კედელზე იყო მიბჯენილი.

როგორც ცნობილია, სინოდის წევრებმა გაბოროტებული “მეუფე” პეტრე დღეს ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევეს სინოდის სხდომიდან, სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ლექსიკისა და საქციელის გამო.