ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევე „დიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს. „დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ნატო-ს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს.

„კრწანისში“ ვიზიტისას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი JTEC-ში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნატო-სთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. JTEC-ის მეთაურმა სტუმრებს ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც.