პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის ხელმეორედ დარღვევაა, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს, ან მის საქმიანობას, როგორც პრეზიდენტისას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, არ ჰგონია, კონსტიტუციის დარღვევით კარგი საქმეები კეთდებოდეს.
„არ ვიცი, მთავრობამ თანხმობა მისცა თუ არა. რაც შეეხება მის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ტერმინებს ნუ ავურევთ, რადგან ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის იგულისხმება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამას პარტიებს შორის ვულისხმობთ. მათ შორის პარლამენტშიც“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.