ევროკავშირის წევრ ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობას კვერცხები, პომიდორები და ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს

ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციების 43-ე დღეს დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას კვერცხები, პომიდორები და ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის წინ დაიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ადამიანები შსს-ს შენობისკენ გაემართნენ. დემონსტრანტებმა მორიგე პოლიციელებს გაცლა სთხოვეს, რის შემდეგაც შენობას კვერცხები, პომიდორები და ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს.

აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. პარალელურად დემონსტრაციები გაიმართა პლოვდივში, ვარნაში, ბურგასში და სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები მთავრობისა და მთავარი პროკურორის, ივან გეშევის გადადგომას ითხოვენ. კარვებია გაშლილი ბულგარეთის დედაქალაქის საკვანძო გზაჯვარედინებზე.

“იმედი”