აშშ-ის ძალებს სირიაში ერთ დღეში ოთხჯერ დაესხნენ თავს – Reuters

აშშ-ის  ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე ოთხჯერ დაესხნენ თავს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

როგორც გამოცემას ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განუცხადა, 12 ნოემბერს, საღამოს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა სამჯერ განხორციელდა, კერძოდ, ალ-ომარის ნავთობის საბადოს მიდამოში და ამერიკის ბაზაზე ალ-შადადში.

ამავდროულად, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა დასძინა, 13 ნოემბერს დილით, რუმალინას სადესანტო ზონაში ამერიკულ პოზიციებს თავს დაესხა რამდენიმე დრონი. ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი ოთხი კარავი დააზიანა.

თავდასხმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სირიაში კვირას, 12 ნოემბერს ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა, ობიექტებზე, რომლებსაც იყენებდნენ ირანის მხარდამჭერი ჯგუფები.

პენტაგონის ცნობით, სულ მცირე 56 ამერიკელმა ჯარისკაცმა მიიღო დაზიანებები. აშშ თავდასხმებში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს ადანაშაულებს. სულ სირიაში 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.