ჯოზეფ ბორელის მხრიდან აზერბაიჯანის დადანაშაულება, რეგიონში არსებული რეალობის მიზანმიმართული დამახინჯება სრულიად არაადეკვატური და მიუღებელია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, სომხეთისადმი მხარდაჭერა და აზერბაიჯანის მიმართ მუქარით სავსე განცხადებები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიკერძოებული პოლიტიკისა და ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია.
„იმ დროს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიცდიან აგრესიული სეპარატიზმის ტენდენციებს, ევროკავშირის საგარეო უწყების მცდელობა, წაახალისოს სეპარატიზმი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც ლეგიტიმურ ბრძოლას აწარმოებს არსებულ საფრთხეებთან, სერიოზული შეშფოთების წყაროა. ევროკავშირის მცდელობა, შეაიარაღოს სომხეთი და ამით მხარი დაუჭიროს მისი მილიტარიზაციის მზაკვრულ პოლიტიკას, რაც ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას აფერხებს, რეგიონში ახალი კონფლიქტების წახალისებაა და ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება. ევროპის სამშვიდობო ინიციატივის გამოყენების გეგმები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიზნებისთვის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავს, ემსახურება რეგიონში დაძაბულობის გაზრდას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან მუქარის ენით საუბარი მიუღებელია. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ნებისმიერი არამეგობრული ქმედება კარგს არაფერს მოიტანს და მათ ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „ჩვენ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ – შიგნიდან თუ გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა იქნება მიუღებელი და ექნება მძიმე შედეგები ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე“.