საქპატენტისა და შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ექსპერტებისთვის გაიხსნა სამდღიანი ტრენინგი, რომელიც 14-16 ნოემბერს ჩატარდება.
საქპატენტის ცნობით, ტრენინგების მთავარი თემა შეეხება მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
„მოქმედების თავისუფლების ძიება არის შესწავლის პროცესი, რომლითაც დგინდება მესამე პირის პატენტების დარღვევის რისკი კონკრეტული პროდუქტის ან ტექნოლოგიის კომერციული გამოყენების დროს.
ტრენინგების პროგრამა მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ხელოვნურ ინტელექტთან, ბიზნეს სექტორებზე ადაპტირებულ სხვა სისტემებთან და მეთოდებთან დაკავშირებული საპატენტო განაცხადების ექსპერტიზის საკითხებს. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ეროვნული საპატენტო უწყების მიერ განხორციელებულ სხვა დამატებით სერვისებს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას, კერძოდ: წინასწარ ძიებას, ინტელექტუალური საკუთრების წინასწარ დიაგნოსტიკას და სხვა.
ზემოაღნიშნულ ტრენინგებზე ქართველ კოლეგებს საკუთარ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებს შვეიცარიელი ექსპერტი ვერნერ კროიცერი. ღონისძიებების მიზანია იმ სერვისების შესაძლებლობებისა და ხარისხის გაძლიერება, რომლებსაც საქპატენტი სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების მომხმარებლებსა და საზოგადოებას, ასევე ახალი სერვისების დანერგვას. ამდენად, პროექტის ფარგლებში ინფორმაციული უზრუნველყოფა და ცოდნის გაღრმავება დაეხმარება საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოში საპატენტო სისტემების განვითარების მიმართულებით.
GESIP – საქპატენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტია, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიხედვით, შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და გამოყენების სტიმულირების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქპატენტის ინფორმაციაში.