ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო

თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება მისგან და მისი გუნდისგან სიტყვის უკან წაღებას ვერასდროს ნახავს.

„როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა.

ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთი ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ.

და ბოლოს, მინდა იცოდეს ყველამ, სადაც გიორგი ვაშაძეა და “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდია, იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ. სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი პრინციპია ჩვენთვის!

მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით! თქვენ ვისთვის და რისთვის?“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

“ინტერპრესნიუსი”