15 ნოემბერს აშშ-ის სენატმა მიიღო “სომხეთის დაცვის 2023 წლის აქტი”. სენატორებმა ხმა მისცეს დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, გვერდი აუაროს “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” 907-ე მუხლს, რომელიც კრძალავს ამერიკის სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანისთვის.
თუ შემოთავაზებულ კანონპროექტს დაამტკიცებს წარმომადგენელთა პალატა და
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ იქნება, პრეზიდენტს აეკრძალება, გვერდი აუაროს 907-ე შესწორებას და აზერბაიჯანისთვის შეერთებული შტატების მხრიდნა სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა 2024–2025 წლების ფედერალური ბიუჯეტიდან შეუძლებელი გახდება.
კანონპროექტის ავტორია სენატორი ჯერი პიტერსი, რომელიც ხელმძღვანელობდა
აშშ-ის დელეგაციას, რომელიც სომხეთს 2023 წლის სექტემბერში ეწვია.
შეგახსენებთ, რომ 1992 წელს მიღებული “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” 907-ე შესწორება კრძალავს აშშ-ის მთავრობის მხრიდან აზერბაიჯანის მთავრობის პირდაპირ მხარდაჭერას.
თუმცა, 2001 წელს აშშ-ის სენატმა მიიღო ცვლილება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს ყოველწლიურად ანიჭებს შესწორების დროებითი გაუქმების უფლებას. ახლა პრეზიდენტს სწორედ ეს უფლება ჩამოერთმევა, ასევე განსაზღვრული ვადით.