პატრუშევმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმების ფორმირება სთხოვა

რუსეთში რეგიონების და მუნიციპალური გაერთიანებების ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმების ფორმირება მოხდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ცენტრალურ ფედერალური ოლქში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.

პატრუშევმა გუბერნატორებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ოლქების ხელმძღვანელებს ამ საკითხის გაკონტროლება სთხოვა.

2022 წლის მარტში რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო შესყიდვებზე ავანსის სახით კონტრაქტის ფასის 90%-ის გადახდის ნებართვა გასცა. (მანამდე ზღვარი 30%-ს შეადგენდა). როგორც რეგიონული პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ კლიმანოვმა განაცხადა, ავანსის გაზრდა სწორედ სამობილიზაციო ეკონომიკის ელემენტია, რადგანაც ამ შემთხვევაში არა საბიუჯეტო პროცედურების დაცვა, არამედ მიღწეული შედეგია მნიშვნელოვანი.