ე. წ. სოციალურ ქსელებში გაიმართა პოლემიკა იმასთან დაკავშირებით, საქართველო უნდა ჩარჩეს ველური კაპიტალიზმის ჭაობში თუ უნდა ეცადოს, გადავიდეს სოციალისტური განვითარების გზაზე. ქალბატონი ჯენი ბურჯანაძის მიერ ამგვარად დასმულმა შეკითხვამ, „კონსერვატიული მოძრაობის“ მისამართით, ზოგიერთის გულისწყრომა გამოიწვია და ქ-ნ ჯენი ბურჯანაძეს ბრალი დაედო „ეროვნულ ძალებში განხეთქილების შეტანის მცდელობაში“.
რამდენად მართებულია ამგვარი პრეტენზია, თავად ამ ბრალდების ადრესატმა, ანუ ქ-მა ჯენი ბურჯანაძემ გასცა პასუხი, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ღია წერილი სანდრო ჯამასპიშვილს ანუ კაცს-ფლუგერს…
ბატონო სანდრო, იქ, სადაც თქვენ არ გისვამენ კითხვას, უფრო მეტიც: იქ, სადაც კომპეტენტური არ ბრძანდებით, სჯობს, პირში წყალი ჩაიგუბოთ, მით უმეტეს, ტყუილი არ უნდა იკადროთ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ დედის ტოლა ქალს, ასევე, ქულების დაწერისთვის არ უნდა იდემაგოგოთ…
ამბობთ, სტალინელი არასდროს ვყოფილვარ, კაპიტალიზმის მომხრე გახლავართო.. .არადა,წლების წინ, სხვანაირად ჭიკჭიკებდით. ქაღალდების დასტებით დადიოდით ბატონი თემურ მაკარიძის “ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის”ოფისში, სადაც სოციალიზმის იდეებს ქადაგებდით…
თქვენ ის ბატონო სანდრო არ ბრძანდებით, გრიგოლ ონიანის პარტიის – “21-ე საუკუნე”-ს დამფუძნებელ ყრილობაზე, ჩემი მოწვევით რომ მობრძანდით და 300 ადამიანის წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოხვედით და ფრთები შეასხით, არა მარტო სტალინს, სტალინურ სოციალიზმს?
დაგავიწყდათ?! – ცუდია,თუ დაგავიწყდათ…
აქვე გეტყვით: ადამიანები, რომელთაც ხანმოკლე მეხსიერება აქვთ, დემენციისკენ არიან მიდრეკილნი…
ორგანიზაციები და ინდივიდები, რომლებიც აძაგებენ კომუნისტებს და წინააღმდეგები არიან სოციალისტური ფორმაციის რეანიმაციის, კაპიტალისტების მკვებავი ძალები, ერთმანეთის პიარშიკები და მშრომელი მასების ძარცველები გახლავან.
მე არ ვარ კონსერვატიული პარტიის მტერი, პირიქით. ამიტომაც დავდე ჩემს გვერდზე სტატუსი, სადაც კონსერვატიული პარტიის ლიდერებს დაუსვი კითხვა: სოციალიზმი თუ კაპიტალიზმი?! რომელი ფორმაციის მომხრენი ხართ?!
მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამ კითხვის დასმის უფლება ნამდვილად მაქვს.
თქვენ კი გამომიხტით, დემაგოგი, “კონსერვატორების” მტერი მიწოდეთ და დამცინეთ: “რა? როგორ გგონიათ, თქვენ სტატუსებს კონსერვატორების ლიდერები კითხულობენ?”
რის პასუხად მე გკითხეთ: თქვენ რა დატვირთვა გაქვთ აღნიშნულ პარტიაში, მათ მაგივრად რომ მპასუხობთ-მეთქი. აკი არ მიპასუხეთ. ნეტავ, რატომ?
იძულებული ვარ, გავარკვიო, ხართ კი საერთოდ კონსერვატიული პარტიის წევრი?!
ჩემს სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ კომენტარებში დაწერეს, რომ ჩემი კითხვა დროული იყო,რამეთუ ისინი სოციალიზმის მომხრენი არიან…
ხალხი თუ აზრზე არ მოვა და არ იბრძოლებს სოციალისტური სისტემის დასაბრუნებლად,ხელთ შეგვრჩება რელიგიური ფაშიზმი, რომელიც თავის ფორმებში ყველაზე სასტიკია… დიახაც, საქართველოს მოქალაქეების ხელში უნდა იყოს სახელმწიფო ქონება, ხალხი უნდა იყოს ბატონ-პატრონი და განმკარგავი ქვეყნისა… წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიები, ინდივიდები და საზოგადოება, ვინც არ იბრძვით ამისათვის, დიდად არაფრით განსხვავდებია კაპიტალისტებისგან!
ასე რომ, ბატონო ჯამასპაშვილო, დაშოშმინდით და ჩემდამი მომართვის ტონალობა შეცვალეთ! ჩემს ნაწერს ვინ კითხულობს და ვინ არა, თქვენი გასარჩევი არ არის. არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს სტატუსებს ისეთი ხალხი კითხულობს,
მათი ვინაობა რომ გაიგოთ, გაკვირვებული დარჩებით. ჩემს ნაწერებს თქვენს ახლგამომცხვარ, ასე ვთქვათ, ლიდერებზე ბევრად უფრო სერიოზული პერსონები კითხულობენ.
ახლა თემას რაც შეეხება: ოკეანისგაღმელები კაპიტალიზმის გზით “უშვებიან” და იმორჩილებენ დანარჩენ მსოფლიოს, რადგან თავად არიან კაპიტალიზმის სათავეში, კაპიტალიზმის მეფეები. ამიტომაც არის საჭირო მაქსიმალური დისტანცირება კაპიტალიზმისგან, სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, ვისაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ამ საკითხებზე. ამერიკას ვერავინ მოუგებს ველური კაპიტალიზმის სისტემით, როგორც საქართველოშია. ჩვენთან მიწები გაყიდეს და მალე სახნავ-სათესი სავარგულები აღარ დარჩება, საძოვრები ხომ საერთოდ ლაპარაკიც აღარ არის… ხალხს ტყეში შეშის შეგროვებას უკრძალავენ გაღორებული ქართველი კაპიტალისტები. და ე.წ.”ეროვნულები” შეებრძოლებიან ამერიკას?! ანტისოციალისტები თავად არიან ქართველი ხალხის, საქართველოს მტრები!
ჰოდა, მე მაინტერესებს და ვსვამ ლეგიტიმურ შეკითხვას: კონსერვატორების ლიდერებს ესმით ეს პრობლემა? რა არის ამაში ცუდი, რომ დავსვათ შეკითხვა?
დიახაც, მაინტერესებს, რას აპირებს “კონსერვატული მოძრაობა”, შეეცდება იგი სოციალიზმის ლიანდაგებზე დააბრუნოს ქვეყანა, შეაჩეროს ველური კაპიტალიზმი, მიწების განიავება, ასევე, ღორმიმტაცებლებს ჩამოართმევს მიტაცებულ ქონებას, თუ თავადაც იმავეს გაიმეორებს, რაც “ოცნებამ” გააკეთა 2012 წლის მერე?! კერძოდ, “კონსერვატორები” წილში ჩაუჯდებიან ქოცებს?!
ამაზე გამეცით პასუხი და ჭკუას ნუ მასწავლით!
P.S. სანდრო ჯამასპაშვილო, წესიერი ადამიანები რწმენას არ ღალატობენ.მედროვეები მტერსაც არ უყვარს…დარწმუნებული ვარ, თქვენისთანა მერყევ, დემაგოგ, ფლუგერ კაცს, ნამდვილი კონსევატორები მალე გაგშიფრავენ.
ქვემოთ ვაქვეყნებ თქვენს “მარგალიტებს”(ამჯერად,ყველას არა)
დაე,ხალხმა (მათშორის, კონსერვატორებმა)
განსაჯოს ჩვენს შორის მტყუან-მართალი.
ჯენი ბურჯანაძე
P.S. აი, ისინიც(სტილი დაცულია)