ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“-ის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მიმდინარე წელს სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს.
„აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი.
ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას.
აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.
აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა.
საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.