რუსეთის პრემიერი: 2023 წელს რუსეთში ჯავშანტექნიკის წარმოება 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო დრონების წარმოება გაორმაგდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 2023 წელს რუსეთში ჯავშანტექნიკის წარმოება სამჯერ გაიზარდა, ხოლო დრონების წარმოება გაორმაგდა.

„11 თვის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. სამჯერ მეტი ჯავშანტექნიკა ვაწარმოვეთ, ხოლო გაორმაგდა დრონების წარმოება“, – აცხადებს მიშუსტინი.

მიშუსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საველე ფორმებითა და სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხები მოგვარებულია.

მიხაილ მიშუსტინმა საკოორდინაციო საბჭოს მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ მუშაობა არ შეანელონ.

„ჩვენს დამცველებს უნდა ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის აღჭურვილობა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა“, – დასძინა მიშუსტინმა.