შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი 4-წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. აგრეთვე, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის განხორციელების საკითხი.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.