რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის პროგნოზით, კვების ობიექტებისთვის შემდეგი ორი წელი უმძიმესი იქნება.
როგორც მან bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, covid-19-ის გამო შექმნილ გამოწვევებს და პრობლემებს კერძო სექტორის დიდი ნაწილი თავს ვერ გაართმევს.
„მოლოდინები პესიმისტურია, რადგან ჩვენი გათვლებით, კვების ობიექტების მდგომარეობა ორი წლის განმავლობაში უმძიმესი იქნება. ძალიან ცოტა გაართმევს თავს covid-გამოწვევას; შემოსავლების კუთხით იმ მაჩვენებლებთან დაახლოებაც კი ვერ მოხერხდება, რაც კოვიდამდე გვქონდა, როდესაც ტურიზმი მუშაობდა. ჩაკეტილი საზღვრები და დაცარიელებული დედაქალაქი დიდ პრობლემებს ქმნის. გვიჭირს, რომ საოპერაციო ხარჯებს მაინც მოვემსახუროთ; გადარჩენის ერთადერთი გზა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაა, რომ სრულად მოუხსნან ბიზნესს გადასახადები, რათა შევძლოთ თავის შენახვა”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ თუ მთავრობა მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამს, კვების ობიექტების 70%-80% ვერ გადარჩება და დაიხურება.
„ამას კი, შესაბამისად, სამუშაო ადგილების დაკარგვა და სოციალური პრობლემები მოჰყვება”, – აღნიშნა მან.
ამასთან, bm.ge-სთან საუბრისას ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა, რომ თბილისისგან განსხვავებით, სადაც კვების ობიექტები დაცარიელებულია, საკურორტო ზონებში, შიდა ტურიზმის ხარჯზე, დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა 15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიხურება, პრობლემები იქაც გაღრმავდება.
“ბიემჯი”