მედიის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის შემდეგ, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას გამოყენებული დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ გრინდუსთან, დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა. რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მომხდარის შემდეგ რუმინეთის F-16-ის ავიაგამანადგურებლებმა და გერმანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა შეასრულეს.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე და მარცვლეულის საწყობებზე მდინარე დუნაის გასწვრივ იერიშები გააძლიერა. მას შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ნაწილები ჩამოვარდა. რუმინეთმა დუნაის მიმდებარეს საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგა, ასაფრენი ზონა დააწესა, დამატებითი სამხედრო-სადაზვერვო პოსტები განათავსა და პატრულირება გააძლიერა. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

Წყარო: სააგენტო როიტერი