გაიანა და ვენესუელა შეთანხმდნენ, რომ ომს არ დაიწყებენ

გაიანა და ვენესუელა შეთანხმდნენ, რომ ესეკიბოს გარშემო არსებული ტერიტორიული დავა მოლაპარაკების გზით მოგვარდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ არც ომს დაიწყებენ და არც დაემუქრებიან ერთმანეთს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„გაიანა და ვენესუელა შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ ან ირიბად ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ და ერთმანეთს არ დაემუქრებიან, მათ შორის დღეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გათვალისწინებით“ – წერია გაიანის პრეზიდენტის ირფაან ალის და ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ერთობლივ განცხადებაში.

ასევე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ბრაზილიაში შეხვედრებს გამართავენ და სადავო საკითხებს განიხილავენ. ასევე ესეკიბოს საკითხის გადასაჭრელად სპეციალური კომისია შეიქმნება.

მადუროს და ალის შეხვედრა სენტ-ვინსენტსა და გრენადინებზე გაიმართა.

ცნობისთვის ვენესუელაში 3 დეკემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ ვენესუელის შემადგენლობაში გაიანის ერთ-ერთი პროვინციის, ესეკიბოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყება სავსებით რეალური გახდა.