ყველაფერი გაძვირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, რომლის ჩაბარებაც საქართველოს მოუწევს, ესაა კოალიციური “ევროპული” მთავრობა

რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის აბიტურიენტი, რაც არ გამოუვიდა ნატოსთან, სადაც საქართველოს უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე. უკრაინის ომმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირი ვაშინგტონიდან იმართება, ხოლო ბრიუსელში მხოლოდ აღმასრულებელი ორგანო – ევროსაბჭო მდებარეობს. აშშ-ის ახალი ტაქტიკა – სადაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება წამგებიანია (სახიფათოა რუსეთთან დაპირისპირების გამო), ჩაანაცვლოს ევროკავშირის გაფართოებით, ანუ იმავეთი, მაგრამ სამხედრო კომპონენტის გარეშე. აშშ-ევროკავშირი იძენენ უფლებებს ვალდებულებების გარეშე, პირველ რიგში, ახალი წევრის დაცვის ვალდებულების გარეშე.

როდის მიიღებენ საქართველოს ევროკავშირის წევრად?

„არც ერთ შემთხვევაში საქართველოს არ მიიღებენ ევროკავშირში უახლოეს მომავალში. ევროკავშირს არ მიაჩნია, რომ რესპუბლიკა თუნდაც გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია. დაპირდებიან და მოითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას. ამასთან, ყოველთვის შეუძლია შარად მოსდოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაუცველობა ან სხვა რამ, რათა თქვას, რომ კანდიდატი არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრებლად. საქართველოს ევროკავშირში მიღება იქნება შეფურთხება თურქეთისთვის, რომელიც ამას ევროპას არასოდეს აპატიებს“, – განაცხადა გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ.

ცნობისთვის: NATO-ს წევრ თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს უკვე 24 წელია -1999 წლიდან.

რა შეიცვლება საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ?

ძალიან მცდარია მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით ღარიბაშვილის მთავრობამ „ძვალი გადაუგდო“ – აიძულებს გაჩუმებას ოპოზიციას და მის დასავლელ კურატორებს, რომლებიც მუდმივად „ამხელენ“ მას რუსოფილიაში, და ამიერიდან „ქართული ოცნება“ მშვიდად დაკავდება სახელმწიფოს მშენებლობითა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებით. პირიქით – ამიერიდან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შემდგომში – შპს), როგორც მე ვუწოდე ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და მასთან ინტეგრირებულ „სამოქალაქო სექტორს“, რომლებიც პასუხს არ აგებენ თავისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო (არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური ტელეკომპანიები, ლგბტ-თემი და სხვა უცხოეთის აგენტები) ამიერიდან ხელისუფლებას „მრიცხველს ჩაურთავენ“ – მუდმივად დაამუნათებენ ევროსტანდარტებთან შესაბამისობის „სერტიფიკატის“ მოთხოვნების შესრულებისთვის თავის არიდების გამო. ამიერიდან საქართველოს ევროპული „პორტფოლიო“ მთლიანად დაიდება შეერთებული შტატების კურატორებისა (სახდეპი, პენტაგონი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID) და ევროკავშირიდან (ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ინსტრუქტორების მაგიდაზე. ამიტომ საქართველოს თავს მაინც მოახვევდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუნდაც თითი თითზე არ დაეკარებინა ამის მისაღწევად! ევროკავშირი ქვეყანა-აბიტურიენტებს – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, აშშ-ის შემდეგ დარჩენილ სიმდიდრეს გამოსწოვს (საქართველოში ეს არის, პირველ რიგში, წყალი – როგორც სასმელი და როგორც განახლებადი ენერგიის წყარო, ასევე ოქრო და სხვა წიაღისეული სიმდიდრეები).

რას ნიშნავს საქართველოსთვის მოთხოვნა, შეესაბამებოდეს ევროსტანდარტებს?

თუ საქართველოსთვის უწინ წარდგენილი პირობებით (მიშელის 12 პუნქტი, ევროკომისიის 9 პუნქტი) ვიმსჯელებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, რომლის ჩაბარებაც მას მოუწევს, ესაა კოალიციური “ევროპული” მთავრობა, რომელიც „მწვანე შუქს აუნთებს“ ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს (ერთსქესიანთა ქორწინებები, გეი-აღლუმები, რუსოფობია, ევთანაზია, იუვენალური იუსტიცია და ა.შ.). ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული „პარად-ალო“ – ზემოაღნიშნული შპს-სა და დასავლური დიპკორპუსის მონაწილეობით, 2024 წლის არჩევნებზე დააკომპლექტებს პარლამენტს – საქართველოს მთავრობას 50/50 პრინციპით და აირჩევს ყველასთვის მისაღებ პრეზიდენტს. ამიტომაც საქართველოში უკვე ჩამოდიან საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და დარჩებიან არჩევნების შემდეგ (ქმნიან მუდმივ წარმომადგენლობებს – „კურპუნქტებს“, ანუ საკურატორო პუნქტებს).

უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოახერხა მთავარი ამოცანის შესრულება – შეეკრიბა და თავის გარშემო გაეერთიანებინა ოპოზიციის ნამსხვრევები, ექს-მმართველი, და ბოლო დრომდე – საქართველოში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”დაშლის შემდეგ. ამით დასავლეთმა მთლიანად მოიხსნა პასუხისმგებლობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე და ის წარუმატებელი პროექტი არქივში ჩაბარდა.

“პარად-ალო” – იმიტომ, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისთვის ჯან-ბაზ-ევროქართველები შპს-დან და დასავლელი დიპლომატები უწინდებურად მიუწვდომელი არიან. სიცრუეა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების სურვილით იწვის: „ალო, ბატონო ოპოზიციონერებო და დიპლომატებო! – ეტყოდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, – ჩვენ უფრო მეტად გვანაღვლებს უმუშევრობა, ცხოვრების სიძვირე, საკვები პროდუქტები, რომლებიც წარმოუდგენლად გაზრდილი ფასების გამო მიუწვდომელი გახდა! ჩვენ გვანაღვლებს მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება და არა თქვენი პოლიტიკური მომსამსახურება, გესმით?! მას შემდეგ, რაც მაძღარი და ჯანმრთელი ვიქნებით, გვანაღვლებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებული არსებული ვითარება. ევროკავშირთან უკვე გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არალეგალურად ემიგრაციაში გასამგზავრებლად და მომვლელებად, ოფიციანტებად და დარაჯებად ლუკმაპურის საშოვრად. ახალს რას მოგვცემს წევრობის კანდიდატის სტატუსი?!“.

რით ემუქრება და რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, თანდათან შეაჩვევენ მას დასავლურ ფასებს, ანუ ქართული საექსპორტო პროდუქცია დაიბეგრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროდუქციის თანაბრად, შესაბამისად, რუსული იმპორტი, პირველ რიგში მარცვლეული და ენერგომატარებლები, საქართველოს გაუძვირდება. საქართველოს აიძულებენ შეუერთდეს ყველა ანტირუსულ სანქციას, შეწყვიტოს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან და მინიმუმამდე შეზღუდოს სატრანსპორტო და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. საქართველოს დაავალდებულებენ უარი განაცხადოს რუსეთთან უვიზო რეჟიმზე, შეზღუდოს ტურისტების ნაკადი რუსეთიდან და მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემა, შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (რუსეთში ქართველი ემიგრანტებისთვის მისი აღდგენაც კი, რაც უკვე მოქმედებს). საქართველოს დაავალდებულებენ უარი თქვას რუსულ ინვესტიციებზე, ასევე ერთობლივ პროექტებზე რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან – ჩინეთთან, ბელარუსთან და ა.შ. დღეს უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს მონაწილეობა გარკვეულწილად უკანა პლანზე გადავიდა კიევის ხუნტას მოახლოებული კრახის გამო, მაგრამ „მეორე უკრაინული ფრონტის“ გახსნის თემა შესაძლოა კვლავ აქტუალური გახდეს. თუ საქართველო შემდგომშიც უარს იტყვის საკუთარი თავისთვის „ჰარაკირის გაკეთებაზე“ – რუსეთთან ომზე და მისთვის ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაზე, აშშ არა მხოლოდ უკან გაიწვევს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არამედ დასჯის საქართველოს სანქციებით, მათ შორის, შეწყდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, მაშასადამე – შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სარგებელიც აქვს, თუ საკითხს გონივრულად მივუდგებით. შესაძლებელია, საკუთარი თავისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლით, დავეხმაროთ ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლაში იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ სანქციებს დაექვემდებარნენ, ანდა ქვეყნებს, რომლებიც იძულებით შეუერთდნენ ამ სანქციებს აშშ-ის შიშით. ასევე შესაძლებელია საქართველოს ევროპული „პორტფოლიოთი“ (უვიზო რეჟიმი, ტურიზმი, სწავლა და მკურნალობა ევროკავშირის ქვეყნებში და ა.შ.) მოვიზიდოთ საღად მოაზროვნე აფხაზი ახალგაზრდობა, რომელიც დაიღალა მათი საბაზო უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევი შეზღუდვებით.

 

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი