შატილში, ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის ავარიის დროს დაშავებული სამი მოქალაქიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა და ამ დროისთვის მათ ოპერაცია უტარდებათ.

„გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილია სამი ქალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით ორი მათგანის მდგომარეობა. მათ აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციოში ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, დაშავებულების სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ეტაპამდე მედიკამენტური გზით ნარჩუნდება.

“სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას ამ ეტაპისთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან სამივე მათგანის შემთხვევაში გამოწვეულმა ტრავმამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. მათი საშუალო ასაკი არის 25 წელი. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,-განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

 

“ინტერპრესნიუსი”