უამინდობამ რიგ რეგიონებში პრობლემები შექმნა

სვანეთისა და კახეთის შემდეგ წყალდიდობა ამჯერად იმერეთში მოხდა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები.

. გადაუღებელმა წვიმებმა და მდინარეების დონის მატებამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა.

კოკისპირული წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა, ნათქვამია იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის Facebook–განცხადებაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა>>

სანიაღვრე ჭებმა ვერ გაატარა წყალი, რის გამოც დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ქუჩები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია ქუთაისის ყველა საქალაქო სამსახური, მობილიზებულია სპეცტექნიკა.

უამინდობაა იმერეთის მუნიციპალიტეტებში. მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს რაიონში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

ჭარბი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავლბინიანი საცხოვრებლი სახლების, კორპუსების სარდაფები, აღნიშნულია განცხადებაში.

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში, ქვილიშორში, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარებს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.

კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო, დაზიანდა გზები. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

რაც შეეხება ლენტეხს, იქ გარესამყაროს მოწყვეტილი იყო ხუთი სოფელი. აქედან კავშირი ოთხ სოფელთან აღდგენილია, იუწყება პირველი არხი.

“სპუტნიკი”