დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე – “ფორმულამ” ახალგაზრდა ქალის საქმეზე გამომძიებლი, ჯიმშერ აფციაურის ჩვენება გაასაჯაროვა.
როგორც ჩვენებიდან ირკვევა, გამომძიებელმა ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობა 19 ივლისს დაიწყო, თუმცა ორ დღეში, 21 ივლისს ის შვებულებაში გავიდა.
ჯიმშერ აფციაურის თქმით, 22 ივლისს პირად ტელეფონზე მას სოფელ წინწყაროს მცხოვრები, პირვალი მუსაევი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში ნახა.
“2020 წლის 19 ივლისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დავიწყე გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ჩატარებული მაქვს საგამოძიებო მოქმედებები. 2020 წლის 21 ივლისიდან ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში, ამიტომ აღნიშნული დროიდან საქმეზე რაიმე საგამოძიებო ქმედებები აღარ მიწარმოებია. 2020 წლის 22 ივლისს 10:35 საათზე ჩემი მობილური ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა სოფელი წინწყაროს მცხოვრები პირვალი მუსაევი, რომელმაც მითხრა, რომ ე.წ. “ვოლჩივაროტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში ნახა რუხი ფერის ჰიუნდაი მარკის ავტომანქანა. სავარაუდოდ, ის მანქანაა, რომლითაც დაკარგულია, ახალგაზრდა გოგონაო და ეძებთო. ამის შემდეგ ვკითხე ამ მანქანის სახელმწიფო ნომერი, რაზეც მითხრა, რომ შორს ვარ და ვერ ვხედავო, ამაზე ვუპასუხე, რომ მისულიყო მანქანასთან იმ მანძილზე, რომ დაენახა მანქანის სახელმწიფო ნომერი. მართლაც, რამდენიმე წამში გადმომცა სახელმწიფო ნომერი, სერია 448, სერია არც მე მიკითხავს და არც მას უთქვამს. ამის შემდეგ პირვალის ვუთხარი, რომ მანქანასთან ახლოს აღარ მისულიყო და ადგილზე დალოდებოდა პოლიციის მისვლას. მე არ მიკითხავს მისთვის, მანქანაში იჯდა თუ არა ვინმე და არც მას უთქვამს სატელეფონო საუბრის დროს რაიმე ჩემთვის. მხოლოდ აღნიშნულის თაობაზე ვისაუბრეთ ტელეფონით. ამ დროს მე ვიმყოფებოდი ჩემს საცხორვებელ სახლში და ტელეფონზე საუბრის დასრულებისთანავე ჩემი კუთვნილი მანქანით წამოვედი თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, სადაც დაახლოებით ორ წუთში მივედი, პირდაპირ მივმართე სამმართველოს უფროსს და აღნიშნულის შესახებ ვაცნობე სიტყვიერად”, – ნათქვამია ჯიმშერ აფციაურის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
წყარო: metronome.ge