სერბეთში აქციის მონაწილეებმა ბელგრადის მერიაში შეჭრა სცადეს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მომიტინგეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სერბეთში საპროტესტო აქციები 17 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მაგრამ ეს სახელმწიფო შენობაში შეჭრის პირველი მცდელობაა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად დაიჭრა ორი პოლიციელი. მერიაზე თავდასხმის 35-ზე მეტი მონაწილე დაკავებულია.

ოპოზიცია ალექსანდრ ვუჩიჩსა და მის მმართველ პარტიას, „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს ბიულეტენების ჩაყრის, ამომრჩევლის მოსყიდვის და სხვა მაქინაციების გზით.

სერბეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ვუჩიჩის ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში ხმების 47%-ზე მეტი დააგროვა და ხელისუფლებაში დარჩა.