ისრაელი აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზაში, ომი გაგრძელდება „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზას სექტორში. ომი გაგრძელდება ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ვააქტიურებთ სამხედრო ოპერაციებს ღაზას სექტორში. ჩვენ გავაგრძელებთ ომს სრულ გამარჯვებამდე. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ ჩვენი გატაცებული მოქალაქეები, გავანადგუროთ „ჰამასი“ და დავრწმუნდეთ, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ომს დრო დასჭირდება, მაგრამ სამხედროებს, ხალხს და მთავრობას გადაწყვეტილი აქვს  იბრძოლოს ბოლომდე.

„ომს აქვს ფასი, ძალიან მძიმე ფასი – ჩვენი ჯარისკაც-გმირების სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგრამ ჩვენ არ გავაკეთებთ ერთს: არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, – დასძინა მან.