რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამთავრობო „ტასსთან“ ინტერვიუში რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე საუბრობს.
ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები მოსკოვსა და ერევანს შორის სამომავლოდ იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომელიც წარმოიშვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ლავროვი ამბობს, რომ „ოფიციალური ერევანი საგარეო პოლიტიკური ხაზის რეფორმირებას ცდილობს და მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს არა დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე ცვლის“.
„სამწუხაროდ, ოფიციალური ერევანი, რომელიც დასავლელების რჩევა-დარიგებას არის აყოლილი, ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკური ხაზის რეფორმირებას. ისინი ცდილობენ დააბრალონ რუსეთს ყველა უბედურება, მათ შორის ყარაბაღის დაკარგვა. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია რუსეთის შეშფოთებაზე საჯაროდ, ახლა აზრი არ აქვს სომხეთის ხელისუფლების არამეგობრული ნაბიჯების ჩამოთვლას.
სომხეთი იყო და რჩება ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა სირთულე დროებითია და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გადაიჭრება. სომხეთი ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.
აშშ და ევროკავშირი, რუსეთისგან განსხვავებით, არ ცდილობენ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რესპუბლიკაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. მათი ამოცანა სულ სხვაა – მოსკოვისა და სხვა რეგიონული ძალების განდევნა, დაძაბულობის ახალი წყაროს შექმნა ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის და უკრაინის შემდეგ. რთული სიტუაციიდან გამოსავალი აშკარაა – ერევნის, ბაქოსა და მოსკოვის სამმხრივი შეთანხმებების უმაღლეს დონეზე განხორციელება“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
ლავროვს მიაჩნია, რომ დისკუსია სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ საზიანოა.
„მიგვაჩნია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსიები საზიანოა. შეთანხმება მისი იქ განთავსების შესახებ დაიდო 1995 წლის 16 მარტს, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი სახელმწიფოების საერთო მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას ითვალისწინებს. დღეს ჩვენი არმია არის მთავარი ელემენტი ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ლავროვი.