ინფორმაციის და ავტორიზაციის ევროპული სისტემის (ETIAS) შემოღება 2025 წლამდე გადადო

ევროკომისიამ მოგზაურობისთვის აუცილებელი ინფორმაციის და ავტორიზაციის ევროპული სისტემის (ETIAS) დანერგვა 2025 წლამდე გადადო.

მანამდე სისტემის დანერგვა 2023 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, მაგრამ თავიდან 2024 წლისთვის, ხოლო შემდეგ 2025 წლისთვის გადაიდო.

ახალი სისტემა 1,4 მილიარდ ადამიანს შეეხება იმ ქვეყნებიდან, ვისაც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლია. ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, იმ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, ETIAS-ის დახმარებით სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის შეტანა კომპიუტერით ან მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი, ასევე განმცხადებელმა 7 ევრო უნდა გადაიხადოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ნებართვა დაახლოებით 3 წელი იმოქმედებს.

ევროკომისიამ ამ სისტემის დანერგვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. მისი მიზანია სასაზღვრო კონტროლის გამარტივება, ქვეყანაში შესვლის პროცესის ოპტიმიზაცია, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის რისკების კოორდინაცია და საზღვრის გადაკვეთისას ქვეყანაში შესვლაზე უარის ფაქტების შემცირება.