შესაძლოა, 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მამას ბრალი დაუმძიმდეს

მამას საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ორი დღის წინ იპოვეს. არ არის გამორიცხული, რომ 11 წლის გარდაცვლილი ბიჭის მამას ბრალი დაუმძიმდეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამას შვილი ორი დღის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სისტემატურად ძალადობდა.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მოზარდი მოკლული იყოს და შემდეგ ხეზე ჩამოკიდებული. ისინი აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელიც ბავშვზე და ცოლზე ძალადობდა ხშირად სვამდა.

11 წლის ბავშვის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები ოჯახში, თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ.

შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადაკვალიფიცირდეს და მკვლელობის მუხლით დაიწყოს საქმის ძიება.

მეზობლები მოითხოვენ, რომ იმ პირის დასჯა მაქსიმალური სიმკაცრით მოხდეს. ისინი ამ ეტაპზე ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ნინო ლომჯარია მამასთან და ზოგადად, მანკიერ სისტემასთან ერთად მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტი და არაფერი გააკეთა.

 

“რუსთავი2”