აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის დიაგნოზი ცნობილია.
უოლტერ რიდის ეროვნულმა სამხედრო სამედიცინო ცენტრმა, სადაც პენტაგონის უფროსი ლოიდ ოსტინი იმყოფება განაცხადა, რომ ოსტინს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბო მას დეკემბრის დასაწყისში აღმოუჩინეს. 22 დეკემბერს მან „მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა“ გაიარა.
„პროცედურის დროს ის ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იყო. ოსტინი ოპერაციიდან უპრობლემოდ გამოვიდა
და მეორე დილით სახლში დაბრუნდა. პროსტატის კიბო ადრეულ პერიოდში გამოვლინდა და მისი პროგნოზი შესანიშნავია“, – ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა სამშაბათამდე არ იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა.
„თეთრ სახლში დღეს დილამდე არავინ იცოდა, რომ მდივან ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა და პრეზიდენტს მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ“, – განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რატომ არ გაამჟღავნა ოსტინმა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს – პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ სიტუაცია „ღრმად პირადია“.