Haqqin.az: ბაქო-თბილისის ღერძი სწორედ ისაა, რაც რეგიონის სტაბილურობას სჭირდება

„ბაქო-თბილისის ღერძი სწორედ ისაა, რაც რეგიონის სტაბილურობას სჭირდება“, – ამ სათაურით სარედაქციო სტატიას აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin-ი ავრცელებს.

 

სტატიის თანახმად, ინციდენტი, რომელიც უკავშირდებოდა სომხეთში იარაღის მიწოდებისთვის საქართველოს სატრანზიტო პუნქტად გამოყენებას, ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა ბრძენი ნაბიჯების წყალობით ამოწურულია. ავტორის შეფასებით, ამ საკითხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ღრმად გააზრებულმა და გაწონასწორებულმა პოზიციამ იმედი გაუცრუა მათ, ვინც ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუარესებას ელოდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, წარუმატებელი აღმოჩნდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან, ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში განხეთქილების გაჩენის მცდელობა. ქვეყნის მეთაურები წამიერ ემოციებსა და ინტერესებზე უფრო მაღლა დადგნენ და დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ განასხვავონ ერთმანეთისგან სტრატეგია და გაუგებრობა, რომელიც ყველაზე კარგ მეზობლებს შორისაც კი შეიძლება მოხდეს.

“ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცედ აღკვეთა სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღის მიწოდების კიდევ ერთი მცდელობა – ოფიციალურმა ბაქომ მაღალი შეფასება მისცა თბილისის ქმედებებს და ამით ორი ქვეყნის მეთაურებმა დანარჩენ მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს. თუმცა მხოლოდ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პრინციპიალური პოზიციის წყალობით, რომელმაც იარაღის სატრანზიტო გზით მიწოდების პრობლემა სახელმწიფოთაშორის დონემდე აიყვანა, მხარეებმა შეძლეს, გაენეიტრალებინათ ყველა საფრთხე, რომელიც ორი მოძმე ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივას ემუქრებოდა.

ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას ციფრებიც ადასტურებს. წლის ბოლომდე ევრაზიის მთელი რეგიონი ელოდება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ რეალიზაციას. გარდა ამისა, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში გადასახადების ყველაზე მსხვილ გადამხდელებს შორის არიან. უახლოეს დროში აზერბაიჯანული კომპანიები ახალი მსხვილი პროექტების განხორციელებას გეგმავენ, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას კიდევ უფრო განავითარებს.

2020 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზე გავიდა. აზერბაიჯანი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. SOCAR-ი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია) საქართველოში გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელია. ის ფლობს სერიოზულ აქტივებს – გაზგამანაწილებელ ქსელებს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ყულევის ტერმინალი წელიწადში საშუალოდ 2 მილიონ ტონა ნავთობს ატარებს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კი დიდწილად აზერბაიჯანი უზრუნველყოფს – ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით კონტეინერი გადის.

ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად ღრმაა, რომ მასში ბზარების გაჩენა დღეს ჰიპოთეტიკურადაც კი წარმოუდგენელია – ამის შედეგად ხომ სერიოზულად დაზარალდება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი, არამედ ოფიციალური თბილისის იმიჯიც. ევროკავშირი საქართველოსა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებად განიხილავს, რომლებმაც მომავალში მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. რა თქმა უნდა, თბილისი-ბაქოს ღერძის კონცეფციის ავტორი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია, რომლის ინიციატივითა და პირადი მონაწილეობით უმსხვილესი გეოეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტები განხორციელდა. გეოეკონომიკური ​და საკომუნიკაციო არტერიების საფუძველზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით რეგიონის უსაფრთხოების სისტემა ჩამოყალიბდა. სწორედ ილჰამ ალიევი გახდა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გეოპოლიტიკური სამკუთხედის შექმნის ინიციატორი. ბოლო წლებში ამას დაემატა აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირის – თურქეთის დომინანტი როლი რეგიონულ პროცესებში. ანკარამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკური ინტეგრაციისა და სამხედრო-პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვის.

ქართული ისტებლიშმენტის საღად მოაზროვნე წრეები მიხვდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ბაქოს მიმართ არჩეული კურსის სისწორეს და ეს კურსი მჭიდრო თანამშრომლობასა და ძლიერ კავშირებს ითვალისწინებს. ბაქო-თბილისის პოლიტიკურ-ეკონომიკური ღერძი კეთილმეზობლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სრულყოფილი მოდელია და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მაგალითს შეიძლება წარმოადგენდეს.

კეთილმეზობლობის გამყარების კიდევ ერთი ფაქტორია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მდგომარეობა, რასაც ბაქო ყოველთვის ყურადღებით აკვირდება. ის, რომ აზერბაიჯანული თემი სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ცხოვრებაში, მათ შორის არჩევით თანამდებობებს იკავებს – რაც, სხვათა შორის, არ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის დაახლოება გრძელდება. პირველად ისტორიაში, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ზაურ დარგალი ​ჩაუდგა. მულტიკულტურულ ქართულ საზოგადოებაში აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციაზე არაერთხელ მსჯელობდა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონების განვითარება ოფიციალური ბაქოსთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის პრობლემებს და მათ ჩართულობას რეგიონების დემოკრატიული თვითმმართველობის პროცესში, რაც აზერბაიჯანელთა სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყოველთვის უპირობოდ უჭერდნენ მხარს ერთიან, სუვერენულ საქართველოს. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აზერბაიჯანელებს თვითმმართველობის ორგანოებში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ ნახავდით, ამავე დროს, ეთნიკურად სომხებს, რომლებიც სომხეთის ინტერესებს ლობირებდნენ, სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში გავლენიანი და მაღალი თანამდებობები ეკავათ. სომხეთი დღესაც ცდილობს, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში განხეთქილების გაჩენას, თუმცა ორი ქვეყნის მეთაურების პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და წინდახედულობა სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობას ამცირებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

“იმედი”