2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.