უკრაინის უმაღლესი რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს, მასში ცვლილებების შესატანად, მინისტრთა კაბინეტს უბრუნებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამხედრო მეთაურებმა, მათ შორის ვალერი ზალუჟნიმ, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
„თათბირის შედეგად კანონპროექტი უბრუნდება ინიციატორებს. ამავე დროს, გადავცემთ კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფებში შემუშავებულ წინადადებებს“, – აღნიშნა დავით არახამიამ.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლას ეხება. როგორც დავით არახამიამ განმარტა, დეპუტატები აცნობიერებენ სამხედრო მეთაურობის მოთხოვნას და მზად არიან, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან, თუმცა შეთავაზებული პროექტის ყველა ნორმას მხარს ვერ დაუჭერენ.
როგორც მედია წერს, დახურულ შეხვედრაზე სამხედრო მეთაურობას აცნობეს, რომ ზოგიერთი დებულება პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს, ზოგიერთი კი, არ არის ოპტიმალურად ჩამოყალიბებული.
ამასთან, არახამია აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა აცნობიერებს და მხარს უჭერს მობილიზაციის აუცილებლობას.