საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია რეალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით – 2024-2025 წლებისთვის სააგენტო საქართველოში საშუალოდ 5%-იან ზრდას ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით, საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს. კიდევ ერთ ფაქტორად დასახელებულია სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს აქვს სანდო ფისკალური დისციპლინა და მისი სამიზნე მაჩვენებლები რეალისტური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესაბამისია. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია მთავრობის ვალის დაბალი დონე, ისევე როგორც მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.