იმ ფონზე, როცა პატრიარქმა ‘კაგებეს” გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, ოდნავ მაინც კი ვერ შეარყევს მას, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ყოფილი პრეზიდენტი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ის ილია მეორეს შეხვდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ, არ კეთდება აღშფოთების გამო და „არ კეთდება არც ერთ შემთხვევაში თუ ამის უკან გარკვეული ზურგი არ დგას“. კითხვაზე, თუ რაზე საუბრობს, კონკრეტულად ყოფილი პრეზიდენტი და ვინ არის ე.წ. ზურგი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია ამაზე არ აქვს.
„ჩემი სურვილით მოვედი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქთან, შევხვდი, რომ გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა, სიყვარული, პატივისციმა და დამეფიქსირებინა ის, რომ არანაირი ასეთი ტიპის ინციდენტები, რომელიც ჩემი შეფასებით, შეუძლებელია ხდებოდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური ან ასეთი ტიპის მიზნების გარეშე და ეს არანაირად არ იმოქმედებს იმ ადამიანზე, ვინც საქართველოსთვის უზარმაზარი ღვაწლი გასწია. ეს იყო ჩემი ურთიერთობის და აქ მოსვლის მიზეზი, მაგრამ მე დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული, მომავლის ნათელი ხედვით. მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი ისეთი, როგორსაც ვიცნობდი მას ბოლო 40 წელიწადია და მე მივხვდი, რომ მის უწმინდესობას განვლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. კაგებეს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები, ჩვენი ქვეყნის სამსახური და იმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო, აი, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია არანაირად არ არის მისი რაიმენაირად ოდნავ მაინც შემრყევი და მე მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ პირველ რიგში, პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის და ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, კიდევ ერთხელ მოვახერხებთ თუ არა ქართული საზოგადოება, რომ არ განვახორციელოთ თვითგანადგურება. სამწუხაროდ, ქართველებს გვაქვს ეს მიდრეკილება- საკუთარი ღირებულებების, ინსტიტუტების, ნათელი მიზნების განადგურების. ეს ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, როცა ამ ტენდენციით არის ატანილი. მე დღეს ვნახე არაერთი ადამიანი, ვინც საუბრობდა, რომ მოდით კიდევ უფრო ჩავიხედოთ ამ მოგონილ და სპეცსამსახურების მიერ დადგმულ თემებში.
მე დავინახე ის თვალები. რომელიც ბოლო 40 წელია მახსოვს ნათელი ადამიანის, რომელსაც ნათელი ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც კაგებემ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა.
მეუფეების განცხადებების, შენიშვნების ანალიზს არ ვაპირებ, მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, როცა ასეთი ტიპის განცსადებები კეთდება, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ კეთდება გულწრფელი გაბრაზებით ან აღშფოთებით. არ ხდება ხოლმე ასეთი ტიპის განცხადებების კეთება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი ერთი საათი იმყოფებოდა საპატრიარქოში.