ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე დღეს 63 წლის გახდა.
მან ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო. 13 წლის ასაკში დებიუტი ბრაშოვში, ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 17 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, 1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა.
ნანა ალექსანდრიასთან, ირინა ლევიტინასთან, ელენა ახმილოვსკაიასა და ნანა იოსელიანთან ჩატარებული პაექრობების შემდეგ მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკის გვირგვინს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.