პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა

პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ CNN იუწყება.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროებმა მაღალი სიზუსტის იარაღით იერიში მიიტანეს სისტანის და ბელუჯისტანის პროვინციაში ტერორისტების ბაზებზე. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ამასთანავე, პაკისტანი ირანს მოძმე ქვეყანას უწოდებს და აცხადებს, რომ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

სისტანის და ბელუჯისტანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ალირეზა მარჰამატიმ განაცხადა, რომ ქალაქ სერავანში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. შეტევის დროს რაკეტები და დრონები იყო გამოყენებული.

წინა დღეს ირანმა პაკისტანში, ერაყსა და სირიაში ობიექტებზე შეტევები განახორციელა. თეირანის ინფორმაციით, პაკისტანში მან იერიში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-ადლზე“ მიიტანა, რომელიც ბელუჯის სეპარატისტებთან არის დაკავშირებული.

„ჯეიშ-ალ-ადლი“ სუნიტური დაჯგუფებაა და 2012 წლიდან ის ირანის შიიტური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.