“პრეზიდენტს არ აქვს ნდობა.”- ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს

 

ხმაურიანი სხდომა პარლამენტში – შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ევროპული საქართველო სესიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას დააყენებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეწყალების ახალი წესი რეალურად ვერაფერს შეცვლის,

რადგან ის მაინც “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებელი იქნება. ახალი ცვლილებები პრეზიდენტმა, იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განიხილეს. სიახლის მიხედვით შეწყალების დროს გათვალისწინებული იქნება დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი.

“საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს ნდობა, შესაბამისად როდესაც იგი იღებს გადაწყვეტილებას ან მიიღებს მომავალში, ეს არ იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც ეკუთვნის, რომ მიიღოს პრეზიდენტის ინსტიტუტმა. აზრი არ აქვს მართლმსაჯულების არცერთ ბერკეტს და ამოქმედებას, იმიტომ რომ მართლმსაჯულება და ის მექანიზმები არ არსებობს, რომელიც ადამიანებს აღუძრავს ნდობას,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

შეწყალების სკანდალის გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას “ევროპული საქართველოს”წევრი სერგო რატიანი

“სანამ ახალ სისტემაზე გადავალთ და დავიწყებთ ფიქრს მომავალზე, ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჩაიდინა თუ არა პრეზიდენტმა ან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვინმემ დანაშაული. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს პერიოდში დავაყენებთ საკითხს,” – აღნიშნა სერგო რატიანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტს კონკრეტული შეხედულებები უნდა გაუზიაროს, გაითვალისწინებს ამ კრიტერიუმებს თუ არა პრეზიდენტი ეს მისი გადასაწყვეტი საკითხია:

“მნიშვნელოვანია ის თუ რა იდეა გვაქვს ჩვენ, როგორ ვხედავთ ზოგადად შეწყალების თემებს და რა შეიძლება გაითვალისწინოს პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საკითხი, დააწესებს თუ არა ის თვითშეზღუდვის კონკრეტულ კრიტერიუმებს. მაგრამ რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე პარლამენტთან ერთად იმუშავებს, ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ პრეზიდენტისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი კონკრეტული შეხედულებები,” – განაცხადა სოფო კილაძემ.