“ჩვენი ექსპერტების გათვლით, რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრ-ქვეყანაზე შესაძლებელი გახდება 5-8 წელიწადში” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის ომის გაფართოების შესაძლებლობის საფრთხე რეალურად მიიჩნია. მინისტრმა ყველაფერი რუსეთის ხელმძღვანელობას დააბრალა და გაზეთ „Tagesspiegel“-თან საუბარში აღნიშნა, რომ „ბოლო დროს, თითქმის ყოველდღე, გვესმის მუქარები კრემლისგან – ჩვენი მეგობრების მიმართ ბალტიისპირეთში“.

„მაშასადამე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ვლადიმირ პუტინი თავს დაესხას ნატოს წევრ ქვეყანას“, – განავრცო აზრი პისტორიუსმა, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც თანამდებობაზეა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის თავდასხმა სავარაუდო არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება 5 – 8 წელიწადში:

”ჩვენი ექსპერტების მოლოდინით, 5-დან 8 წლამდე პერიოდში ეს შესაძლებელი იქნება” – აღნიშნა მან, რისთვისაც თურმე გერმანული საზოგადოება და ჯარი “მზად უნდა იყვნენ”.

საინტერესოა, რომ ეს აზრი პისტორიუსმა თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად გამოიყენა, თუ რატომ არ უნდა გააძლიეროს გერმანიამ უკრაინის დახმარება.

თავდაცვის მინისტრმა მიუთითა საკუთრივ გერმანიის არმიის – ბუნდესვერის მხარდაჭერის აუცილებლობაზე:

„ჩვენი დახმარება უკრაინისადმი ვერ იქნება ყოვლისმომცველი,  როგორც ამას ზოგი ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თვითონ გავხდებით დაუცველები“, – განაცხადა მინისტრმა. ”ჯერ-ჯერობით, უკრაინას ჩვენ მივაწოდეთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია”, – დასძინა მან.

პისტორიუსი ამბობს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან გერმანია უკვე აკეთებს ყველაზე მეტს, ახლა კი ევროპელ პარტნიორებზეა მეტის გაკეთება. „ყველასთვის გასაგები უნდა იყოს: თუ პუტინი მოიგებს ამ ომს და დაიკავებს უკრაინას, საშიშროება ალიანსის ზონისთვის, რა თქმა უნდა, გაიზრდება“, – აფრთხილებს გერმანელი სოციალ-დემოკრატი თავისი ევროპელს კოლეგებს და ამით, აშკარაა, რომ უკრაინის დახმარების გაზრდა მათ გადაულოცა.