მთავრობის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.
ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებაში, რათა მათ დროულად მოახერხონ საკუთარ ოჯახებთან ჩამოსვლა.
წყარო: exclusivenews.ge