ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი საჰაერო შეტევების ახალი სერია განახორციელეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
პენტაგონის განცხადების თანახმად, მათ იერიში მიიტანეს 8 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა საწყობებზე, ასევე ჰუსიტების სარაკეტო და სადაზვერვო საშუალებებზე.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საჰაერო იერიში აუცილებელი იყო.
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ისინი ცდილობდნენ დაიცვან თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლა.
„ჩვენი მიზანია დაძაბულობის დეესკალაცია და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 12 იანვრის შემდეგ ეს ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მეორე ერთობლივი ოპერაციაა.