ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დასასრულებლად მედიაცია კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.
„რაც შეეხება მედიაციის მცდელობებს, ის ამჟამადაც გრძელდება. კატარი პირველივე დღიდან არ გაჩერებულა და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის აზრები, მივიღოთ გადაწყვეტილებები კონფლიქტის ორივე მხარესთან კომუნიკაციისას“, – ამბობს ალ-ანსარი.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე ისაუბრა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. მისი თქმით, ეს დიდი რეგიონული საფრთხეა, მაგრამ მისი შეჩერება სამხედრო გზით ვერ იქნება შესაძლებელი.
„წითელ ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც მოისმინეთ, დავოსში პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნათლად თქვეს, რომ ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს ზოგადად რეგიონისთვის, მაგრამ მისი მოგვარება არ მოხდება სამხედრო გზით“, – აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ.