დეკემბრის ბოლოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლებაში კორუფციული რისკების მატება დაასახელა. იანვრის მეორე ნახევარში კი ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა საგადასახადო დეკლარაციების შემოწმებას იწყებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა არაა. უნდა ველოდოთ თუ არა შემოწმების შემდეგ ახალ სკანდალსა და საკადრო ცვლილებებს?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამის შანსი 50/50-ზეა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი, რეგულარული შემოწმებაა და უბრალოდ დროში დაემთვა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ამაზე მეტი განმარტება უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რადგან „ოპოზიციამ დროში დამთხვევა ხელისუფლებაზე თავისი მორიგი პოლიტიკური შეტევისთვის გამოიყენა”. თუმცა აქვე არ გამორიცხავს, რომ ვარაუდს დონეზე გარკვეული კავშირიც შეიძლება იყოს ივანიშვილის განცხადებასა და ამ შემოწმებას შორის.
„ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს „ქართული ოცნების” ყრილობაზე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ 21 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის” გამო, ბიურო 2024 წელს 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს. მათ შორის არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ვის შეამოწმებს ანტიკორუფციული ბიურო
ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა 2022 წლის 30 ნოემბერს, მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და უზრუნველყოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება, მონიტორინგი და საჯაროობა. ამჯერად უწყება აქვეყნებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები და პარლამენტის წევრები. შემოწმება ასევე შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს. შესამოწმებელ სიაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ანტიკორუფციული ბიურო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომუშავე თანამდებობის პირების, ასევე საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის, საქართველოს ფოსტის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერეატორის (ესკო), საქართველოს განვითარების ფონდის, ეროვნული ბანკის, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს, სატყეო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებაზე.
ოპოზიციის ვარაუდი
„ისვრის ბადეს ბიძინა ივანიშვილი და თუ მოჰყვება ერთი-ორი ღლავი, ის იქნება კორუმპირებული”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, რადგანაც ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას კორუფცია ახსენა, ამიტომაც „უნდა გაამართლოს მისი დანაპირები მესამედ მოსვლისას”. ბერძენიშვილის ვარაუდით, ივანიშვილის მიერ „გადაგდებულ ბადეში” შესაძლოა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოხვდეს.
„როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია ივანიშვილის არსენალში. რომელ ირაკლის შესწირავს, არცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაა ქვეყანაში. დამყაყდა ეს ხელისუფლება. ივანიშვილი ცდილობს ფსევდო განახლებას, მაგრამ განახლების რესურსი არ აქვს. მისი პოლიტიკური ძალა აღარ არის პოლიტიკური, ის არის დამყაყებული და პოლიტიკისგან დაცლილი. ამიტომ მას შესაწირიც კი ბევრი აღარავინ დარჩა.
„თუკი ვინმე რაიმეს ფართხალებს და ყველაზე უფრო შეშინებულია, მგონი, ეს კახი კალაძეა. კალაძე თბილისის არჩეული მერია, რაღაც პროექტები წარმატებული გამოუვიდა, სხვა – წარუმატებელი. წერეთლის გამზირის საკითხმა შეიძლება იმაზე მძიმედ დაარტყას კალაძეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„მკვდარია ეს პოლიტიკა, მაგრამ, რაც დარჩა ივანიშვილს, ეს დარჩა. ერთადერთი პოლიტიკაზე პრეტენზიის მქონე, თანამდებობაზე პირდაპირ არჩეული მხოლოდ კახი კალაძეა. დანარჩენი წკიპურტებით გასაშვებია მარტივად. ივანიშვილს არ უყვარს რაიმე კონკურენციის აზრების მატარებელი ფიგურა. არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც კალაძეს დაადებს ხელს, მაგრამ არ გამიკვირდება ამ ბადეში კალაძეც მოექცეს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დროში დამთხვევა, თუ საგანგებო შემოწმება
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” ამბობს, იმის შანსი, რომ ამ შემოწმების მერე გარკვეული თანამდებობის პირები მოხსნან, 50/50-ზეა, თუმცა ვის შეეხება ეს, ამის თქმა წინასწარ რთულია. მისი თქმით, ესაა რეგულარული შემოწმება, რაზედაც საზოგადოებისთვის განმარტებები უნდა ყოფილიყო შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
„ალბათობა 50/50-ზეა. ჩემი აზრით, ეს შემოწმება უბრალოდ დროში დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების” ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ერთ-ერთ პრობლემად კორუფცია ახსენა. მას შემდეგ სამი კვირა გავიდა. სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა, რომლითაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რეგულარულად მოწმდებიან. მოწმდება შესაბამისი სტრუქტურების საშემოსავლო დეკლარაციები, მათ შევსების სიზუსტე და შესაბამისობა მათ რეალურ შემოსავლებთან და ქონებასთან.
„ოპოზიციამ ეს დროში დამთხვევა ხელისუფლებაზე თავისი მორიგი პოლიტიკური შეტევისთვის გამოიყენა, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ შესაბამის სამსახურებს, მაგალითად, იგივე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს (ტრატკომს), მაშინვე, მყსიერად გაეკეთებინა განმარტება, რომ ეს ჩვეულებრივი რეგულარული შემოწმებაა. გამოექვეყნებინა, მაგალითად, წინა შემოწმებების განრიგი, რათა საზოგადოება დარწმუნებულიყო იმაში, რომ ეს ჩვეულებრივი, რეგულარული პროცედურაა და პოლიტიკურ მოტივებთან არაა დაკავშირებული, რასაც ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ექსპერტები ამბობენ – რომ ივანიშვილმა ხელისუფლებას მათრახი შემოსცხო, ხელისუფლებაც დაფაცურდა და მაღალი თანამდებობის პირების შემოწმება დაიწყო.
„ვნახოთ. იმედი მაქვს. რომ ამ შემოწმების შედეგები გასაჯაროვდება, თუმცა, რომც გასაჯაროვდეს, ჩემი აზრით, ოპოზიცია ბოლომდე გამოწურავს თავის პოლიტკურ და პროპაგანდისტულ შესაძლებლობებს და ილაპარაკებს, რომ „ჩვენ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართ ნდობა არ გვაქვს, რადგან მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება და ა.შ.”
„ამიტომაც ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ოპოზიცია ამ თემაზე ისაუბრებს და თუ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ესეც ისევე ჩაიფერფლება, როგორც სხვა თემები”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
თუმცა, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილის განცხადება ამ შემოწმების დაწყებისათვის ერთგვარი სტიმული იყო.
„მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც კავშირიც იყოს, ამაზე ვარაუდების აგება შეიძლება. ამის არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, უბრალოდ დროში დამთხვევა იმის განცდას ტოვებს, რომ შესაძლოა მისმა (ივანიშვილის) განცხადებამ სტიმული მისცა იმისთვის, რომ ეს შემოწმება დაეწყოთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ესაა რეგულარული პროცედურა და ამიტომაცაა საჭირო, რომ მოსახლეობის ინფორმირებისთვის განცხადება გაკეთდეს, თუ ასეთი შემოწმებები წლის რომელ პერიოდში ტარდება და ა.შ.”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, წინასწარ იმის თქმა ძნელია, ამ შემოწმების შემდეგ თუ რას აღმოაჩნს ბიურო და რომელი თანამდებობის პირები შეიძლება შეეწირონ ამას.
„წინასწარ ამაზე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ ანტიკორუფციული ბიურო ამ შემოწმების შედეგად რას აღმოაჩნს და თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული რომელიმე თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე, ეს თავად უკვე ალბათ ხელისუფლების წიაღში მომწიფდება”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.