VIDEO: 13 წლის გოგოს გამაოგნებელი ჩვენება, რომელიც უმძიმეს დანაშაულს აღწერს – „კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება აიძულა“

“კურიერმა” დღეს არასრუწლოვანი გოგოს ჩვენება მოიპოვა, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულს აღწერს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი “კურიერს” უმძიმესი დანაშაულის დეტალებს უყვება.

23 წლის მამაკაცმა 13 წლის გოგოს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა აიძულა. მოზარდის მიმართ შანტაჟი ამით არ დასრულებულა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, მამაკაცმა არასრულწლოვანს მოსთხოვა სხვადასხვა სახის სექსუალური ქმედების ტელეფონით გადაღება, მათ შორის კბილის ჯაგრისის გამოყენებით.

“კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა დაზარალებულის ჩვენება, სადაც ის ზრდასრული მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის დეტალებს აღწერს.

დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 23 წლის მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. ის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. საქმის მთავარი მტკიცებულება დაკავებულის მობილური ტელეფონია, სადაც გამომძიებლებმა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მუქარის შემცველი მიმოწერა იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ 23 წლის მამაკაცი ამ მეთოდით სხვა არასრულწლოვნებსაც აშანტაჟებდა, რის გამოც, შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებულის დედამ მას შემდეგ მიმართა, რაც მოზარდი იძულებული გახდა მომხდარის შესახებ მშობლისთვის ეთქვა. საჩივარში ქალი წერს, რომ მის არასრულწლოვან შვილს მამაკაცი სოციალურ ქსელში გაეცნო და ასაკის მიუხედავად, მას სექსუალური სცენების გადაღებას აიძულებდა.

ბრალდებულმა იცოდა, რომ გოგონა სკოლის მოსწავლე იყო. ამას ადვოკატიც არ უარყოფს, მიუხედავად ამისა, დაკავებულის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ 23 წლის მამაკაცს დაზარალებული სრულწლოვანი ეგონა.

დაცვის მხარის პოზიციას ეწინააღმდეგება გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის შანტაჟის შემცველი მიმოწერა, ფოტოები და ვიდეო ჩანაწერები. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.