1994 წელს ბილ კლინტონსა და ბორის ელცინს შორის შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა რუსეთის კონსტრუქციულ ქმედებებზე მოლდოვასა და საქართველოში და სისხლისღვრის შეწყვეტის სურვილზე. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების არქივის გვერდზე განთავსებულ შესაბამის დოკუმენტებში.
საიდუმლო მასალების თანახმად, ნოვო-ოგარევოს აგარაკზე სადილის დროს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსული სამშვიდობო ძალების განლაგება ახლო საზღვარგარეთ. მასალების თანახმად, ბორის ელცინმა თქვა: „იმპერიული მისწრაფებების შესახებ ბრალდებები გვაზიანებს და არ არის სწორი“.
საარქივო მასალების მიხედვით, ბორის ელცინმა ბილ კლინტონს ასევე უთხრა, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდებოდა ნატო-ს, რასაც მოჰყვებოდა სხვა სახელმწიფოები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ელცინის ინიციატივა იყო აშშ-ის, რუსეთისა და ევროპელების ერთგვარი კარტელი, რომელიც დაეხმარებოდა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას.
დოკუმენტების თანახმად, კლინტონის პასუხი კარტელზე და ნატო-ზე ფრთხილი იყო და თემა არ განავრცო, თუმცა აღნიშნა, რომ უნიკალური შანსი იქნებოდა, თუ რუსეთი კურსს შეინარჩუნებდა. „ჩვენ შეგვიძლია, ევროპის ქვეყნებისთვის გარანტირებული იყოს ერთი საუკუნის ან მეტი ხნის მშვიდობა“, – განაცხადა კლინტონმა.