ისრაელი მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
როგორც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ წერს, ისრაელი ამის შესახებ რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა.
„ვაფასებთ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი მონაწილეობდა 7 ოქტომბრის თავდასხმაში. მივესალმები კანადას, რომელიც შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებ, სხვებიც მიჰყვებიან მათ. გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ უნდა გადაიხადოს საფასური თავისი ქმედებებისთვის. ბევრი მათი თანამშრომელი არის „ჰამასის“ იდეოლოგიის მხარდამჭერი, ეხმარებიან მათ ტერორისტულ საქმიანობაში“, – წერს ისრაელ კაცი.
ისრაელ კაცის თქმით, მისი ხელმძღვანელობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს ღაზაში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობის შეჩერებაზე.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აშშ-მა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დროებით დაფინანსება შეუჩერა.