თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.
მინისტრის თქმით, ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია.
„ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია. ერთ-ერთი ტაჯიკეთიდან და მეორე რუსეთიდან. ჩვენი შეფასებით, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ერლიკაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და სულ 47 ადამიანი დააკავა.
მანამდე კი, „ისლამურმა სახელმწიფომ“ Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა ტაძარში მომხდარ თავდასხმაზე და ეს იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, მიზანში ამოეღოთ ებრაელები და ქრისტიანები.
მომხდარს გამოეხმაურნენ თურქეთის პრეზიდენტი და რომის პაპი.
ინფორმაციისთვის, 28 იანვარს სტამბოლში რომის კათოლიკურ ეკლესიაში საღვთო მსახურების დროს ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა.
სარიერის რაიონში მდებარე სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.