თეთრი სახლი ირანში ფარული სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს. რეგიონში ესკალაცია შეიძლება იყოს იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხი ვაშინგტონის მხრიდან. მოვლენები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტების დაბომბვების გაზრდილი რაოდენობის ფონზე. გარისკავენ თუ არა ამერიკელები თეირანთან პირდაპირი კონფლიქტის დაწყებას?
სენატორები კოტონი (მარცხნივ) და გრემი.
აშშ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ახლო აღმოსავლეთში თავის სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე საპასუხოდ. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ფარული ოპერაციაა, რომლის დროსაც ვაშინგტონი ირანზე დარტყმას განახორციელებს. ამავდროულად, შეერთებული შტატები არ გამოაცხადებს მონაწილეობას ამ კამპანიაში, მაგრამ „მკაფიო სიგნალს“ გაუგზავნის თეირანს.
მეორე ვარიანტის მიხედვით, აშშ-ის სამიზნე ირანელი ოფიციალური პირები იქნებიან. ამასთან დაკავშირებით, ნახსენებია ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება 2020 წლის იანვარში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) – ირანის ამ ელიტარული ქვედანაყოფების გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის ოპერაციის განხორციელების შესახებ.
მიუხედავად იმისა, თუ რას აირჩევს შეერთებული შტატები, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მისი პრეზიდენტობის პერიოდში, წერს სააგენტო. როგორც Bloomberg აღნიშნავს, ამერიკელი ლიდერი შეეცდება დაისაჯონ ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებული პირები, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და თეირანს შორის. ესკალაციამ, კერძოდ, შეიძლება, შეაფერხოს აშშ-ს ძალისხმევა ისრაელსა და პალესტინის მოძრაობა „ჰამასს“ შორის ზავის დასამყარებლად.
გარდა ამისა, ბაიდენს დასჭირდება განიხილოს საკუთარი შემდეგი ნაბიჯების შესაძლო ეკონომიკური შედეგები, მათ შორის, აშშ-ის მიერ წითელ ზღვაში იემენის ჰუტისებთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. პარალელურად, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის ფონზე ვაშინგტონში უკვე კეთდება მკაცრი განცხადებები.
ასე მაგალითად, რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან, ლინდსი გრემმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაარტყა ირანს „არა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის შურისძიების სახით, არამედ მომავალი აგრესიის შეკავების მიზნითაც“.
ამ მოწოდებებს შეუერთდა არკანზასის სენატორი ტომ კოტონი. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა „გამანადგურებელი სამხედრო შურისძიება“ უნდა მიაგებოს როგორც თავად ირანს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებსაც ირანი მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში. ”ყველაფერი, რაც ამაზე ნაკლები იქნება, დაადასტურებს, რომ ჯო ბაიდენი არის ლაჩარი, რომელიც მთავარსარდლობის ღირსი არ არის,” – ხაზგასმით აღნიშნა მან.
სენატორების პოზიცია ჟურნალისტმა თაკერ კარლსონმა გააკრიტიკა. “გათახსირებული ფსიქიკური პაციენტები”, – დაწერა მან X-ის საკუთარ გვერდზე (ყოფილი Twitter); შეგახსენებთ, რომ CNN-ის ცნობით, სამი ამერიკელი დაიღუპა იორდანიაში, Tower 22 ბაზაზე, სირიის საზღვარზე.
ამერიკულ გეგმებს რუსი ექსპერტი-აღმოსავლეთმცოდნეები გამოეხმაურნენ.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავდაპირველი დარტყმა განხორციელდა არა აშშ-ის ობიექტებზე სირიასა და ერაყში, არამედ იორდანიის ტერიტორიაზე არსებულ ბაზაზე. ეს არის ამერიკული დაჯგუფების ღრმა ზურგი ახლო აღმოსავლეთში. მას შემდეგ, რაც ამერიკელი სამხედროები თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, ვაშინგტონი იძულებული იქნება, პასუხი გასცეს ამ თავდასხმას“, – განაცხადა სემიონ ბაღდასაროვმა, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის კვლევების ცენტრის დირექტორმა.
„ამერიკელებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ IRGC-ის ბაზებს სირიაში, ერაყსა და ლიბანში. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ველოდოთ ირანელი პროქსი-მოკავშრეების მიერ ქურთისტანის ამერიკულ სამიზნეებზე საპასუხო თავდასხმებს. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობა არსებობს“, – აღნიშნავს წყარო.
„დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს, დარტყმა განახორციელოს ირანის ტერიტორიაზე. ამ ქმედებას შეუძლია თეირანის პროვოცირება მოახდინოს და მისი მხრიდან მოხდეს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც გამოიწვევს ღია ომს ქვეყნებს შორის“, – დაბეჯითებით ამბობს რუსი აკადემიკოსი.
„ბაიდენი რთული არჩევანის წინაშე დგას. ტრამპი და მისი მხარდამჭერები აკრიტიკებენ პრეზიდენტს იმის გამო, რომ ვაშინგტონმა არ უპასუხა ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმებს ახლო აღმოსავლეთში. სხვა პოლიტიკური ძალები კი პირიქით, ეწინააღმდეგებიან რეგიონში ესკალაციას. ამიტომ, თუ დადასტურდება, რომ თავდასხმა ირანელებმა განახორციელეს, თეთრ სახლს მოუწევს ყურადღებით იფიქროს რეაგირების ვარიანტებზე“, – განმარტავს ბაღდასაროვი.
ჯო ბაიდენი უკიდურესად არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდება, – ამბობს ბორის მეჟუევი – პოლიტოლოგი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. „ერთი მხრივ, ირანზე დარტყმამ, თუნდაც ფარული ოპერაციის ფორმატში, შეიძლება, მას ჯორჯ ბუშ-უმცროსის მომხრეების ხმები მოუტანოს. ამ ადამიანებს მკაცრი მიდგომა აქვთ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების მიმართ“.
„თუმცა, დემოკრატიულ პარტიაში ბევრი პალესტინის მომხრეა, რომლებიც არ მოიწონებენ ფართომასშტაბიან ესკალაციას. ამრიგად, ბაიდენი აღმოჩნდება მოჯადოებულ წრეში, სადაც მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, შესაძლოა, უპრეცედენტო კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდეს“, – აღნიშნავს ექსპერტი.
„მიუხედავად ამისა, დღევანდელი ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, ვერ გაბედავს ირანთან პირდაპირ დაპირისპირებას. თეირანთან კონფლიქტი შეერთებულ შტატებს პრობლემებს შეუქმნის როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკურ სფეროებში. შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა მრავალი სავაჭრო მარშრუტის კვეთაზე მდებარეობს“, – ხაზგასმით აღნიშნა ბორის მეჟუევმა.
„შესაბამისად, რეგიონში დაძაბულობა გავლენას მოახდენს გლობალური ფინანსური სისტემის კეთილდღეობაზე. თუმცა, ბაიდენს არ შეუძლია უპასუხოდ დატოვოს იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა. სავარაუდოდ, ვაშინგტონი “ერაყის ისლამური წინააღმდეგობის” არაერთ ობიექტს დაარტყამს. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე“, – შეახსენებს “vz.ru” -ს მკითხველებს მეჟუევი.
მოვლენები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ ვითარდება, მათ შორის წინა დღით ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა, ერთი და იმავე ჯაჭვის რგოლია, – ამბობს სიმონ ციპისი, ისრაელელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანის რეჟიმის დამხობას ცდილობს. სწორედ ამ მიზნით, როგორც თანამოსაუბრე მიიჩნევს, დასავლური დაზვერვის სამსახურები რეგიონში სხვადასხვა პროვოკაციებს ახორციელებენ.
ციპისმა გაიხსენა, რომ ბევრი ერაყული ფორმირება შეერთებული შტატების მფარველობის ქვეშ იმყოფება. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტურმა მოძრაობამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“, აიღო.
„ვაშინგტონმა უნდა შექმნას მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო წინაპირობები და მოიპოვოს თეირანზე თავდასხმის სამხედრო-პოლიტიკური დასაბუთება“, – განმარტა ციპისმა. ის აღიარებს, რომ ვაშინგტონი ასე ისარგებლებს ამერიკელი სამხედროების დაღუპვით. თუმცა, კითხვა, როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი ირანის მისამართით, ღია რჩება, – დასძინა ისრაელელმა პოლიტოლოგმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ვაშინგტონში გაისმის მოწოდებები გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სამხედრო ძალების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის თაობაზე“, – თქვა ციპისმა. „ეს შედის ამერიკელი ოფიციალური პირების ინტერესებში, რომლებიც ღიად თუ ფარულად შევიდნენ საარჩევნო რბოლაში. ამ გზით ისინი ცდილობენ თავიანთთვის ქულების მოპოვებას“, – განმარტა მან.
„არ მგონია, რომ ვაშინგტონი გადაწყვეტს ღია, სრულმასშტაბიან ინტერვენციას. ირანს ხომ საკმაოდ დიდი და კარგად შეიარაღებული ჯარი ჰყავს. მეტიც, თეირანს ჰყავს სერიოზული მოკავშირეები – ჩინეთი და რუსეთი. ამიტომ, ჩემი აზრით, ამერიკელები მცირე საიდუმლო ოპერაციებით შემოიფარგლებიან“, – მიიჩნევს ისრაელელი თანამოსაუბრე. მისი აზრით, შეგვიძლია ვისაუბროთ ამერიკელი სამხედროების მიერ ლიბანსა და სირიაში IRGC-ის გენერლების დატყვევებაზე და ლიკვიდაციაზე, ასევე თეირანის ბირთვული პროგრამის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე. „მაგრამ შეერთებული შტატები, ალბათ, არ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ოპერაციებზე“, – პროგნოზირებს პოლიტოლოგი.
ირანმა შესაძლოა საპასუხო ქმედებებიც განახორციელოს, – განაგრძო ციპისმა. მან გაიხსენა თეირანის ბოლო თავდასხმები პაკისტანურ ჯგუფებზე, რომლებიც ბრიტანეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. „მე ვფიქრობ, რომ IRGC-ს შეუძლია გაზარდოს დარტყმების სიხშირე და ინტენსივობა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ითვლებიან დასავლურ მარიონეტებად“, – აღნიშნა წყარომ.
ციპისი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომ ესკალაციას ელის. მისი აზრით, სიტუაცია ახლა შეიძლება შეფასდეს, როგორც “ამერიკელი მარიონეტების ომი თეირანის მარიონეტების წინააღმდეგ”. ”დასავლეთი ეწინააღმდეგება იემენის ჰუთებს და ლიბანის შიიტურ დაჯგუფება ჰიზბოლას, ხოლო ირანი გამოდის სირიის, ლიბანის, ერაყისა და პაკისტანის პროდასავლური ჯგუფების წინააღმდეგ”, – განმარტა მან.
ამასთან, აშშ-ის ქმედებები არანაირად არ იმოქმედებს ერაყიდან საერთაშორისო კოალიციის ჯარების გაყვანის გეგმებზე, – მიიჩნევს ისრაელელი ექსპერტი. „მართალია, ვაშინგტონი ოფიციალურად აცხადებს ასეთ განზრახვას და ეს განცხადებები არ შეიძლება ჩაითვალოს სიცრუედ. მაგრამ ისინი არც მთლად სიმართლეა. ფაქტია, რომ შეერთებული შტატებს რეგულარული ჯარები გაჰყავს და მათ ნაცვლად ერაყში ასევე ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებულები შემოდიან. ისინი აბსოლუტურად იგივეა, რაც აშშ-ს შეიარაღებული ძალები, მაგრამ მათ მისიას აქვს არაოფიციალური სტატუსი“, – აჯამებს ციპისი.